"ქალაქი გადათხრილია, ჩინოვნიკები კი პირად კომფორტზე ზრუნავენ" | თელავის მერიამ 5 ახალი ჯიპის შესაძენად 250 ათას ლარზე მეტი დახარჯა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტოპარკი განაახლა და მაღალი გამავლობის 5 ახალი ჯიპი იყიდა. ავტომობილები მაღალჩინოსნების, მათ შორის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის, ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ავტომობილების შესაძენად 250 ათასზე ლარზე მეტი დაიხარჯა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქში არსებული მწვავე პრობლემების ფონზე, ამგვარი ხარჯების გაწევა მიუღებელია. მათი ინფორმაციით, რამდენიმე ცენტრალური უბანი, მათ შორის ალაზნის გამზირი გადათხრილია, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეჩერებული. მოსახლეობის ცნობით, სამუშაოები შეაჩერა იმ კომპანიამაც, რომელსაც მიწისქვეშა წყლის კომუნიკაციების მოწესრიგების ვალდებულება ჰქონდა აღებული. 

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ავტოპარკის განახლებას "დროულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს. ლევან ანდრიაშვილი ამბობს, რომ ავტომობილები ამორტიზებული იყო და მათი შეკეთება "ძვირი ჯდებოდა".

რაც შეეხება გზებზე სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ლევან ადრიაშვილი ამტკიცებს, რომ ეს სიმართლე არ არის.

"თელავის მერიამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დააყენა საკითხი, რომ უნდა განეახლებინა ავტოპარკი, რადგან არსებული ავტოპარკი არის მოძველებული და დიდი ხარჯი ჯდება მისი შენახვა. ჩვენ ვაკეთებთ [გზებს], გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს სამუშაოებს და სანამ მიწისქვეშა წყლის კომუნიკაციები არ შეიცვლება, ვერ შევძლებთ გზების მოასფალტებას. არცერთ მონაკვეთზე არ არის სამუშაოები მიტოვებული", - თქვა ანდრიაშვილმა.

ოპოზიციის შეფასებით, მერია პრიორიტეტებს არასწორად ანაწილებს, რადგან მათთვის მთავარი საზრუნავი პირადი კომფორტის შექმნაა.

"მერია და კონკრეტულად ჩინოვნიკები ზრუნავენ თავიანთი პირადი კომფორტისთვის, კეთილდღეობისთვის და მიაღწიეს კიდეც საწადელს. 250 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს ავტომობილებში იმ დროს, როდესაც უამრავი ადამიანია გაჭირვებაში, ქალაქია გადათხრილი, ადამიანები ფეხით სიარულს ვერ ახერხებენ, ფანჯრის გახსნაზე ლაპარაკი. მტვერშია ქალაქი, უწყლობაა. მათთვის ძირითადი არის ის, რომ თვითონ იგრძნონ თავი კომფორტულად", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბადური რევაზიშვილმა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი