
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტისას ისაუბრა.
"NATO-სა და კანადისთვის ჩრდილოეთის მნიშვნელობა იზრდება, ვინაიდან აქ ჩვენ ვხედავთ რუსების მნიშვნელოვან სამხედრო გაძლიერებას", - თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, რუსეთმა არქტიკაში გახსნა საბჭოთა ეპოქის ასობით სამხედრო ობიექტი და ამ რეგიონს იარაღის ახალი სისტემების გამოსაცდელად იყენებს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი აყალიბებენ ახალ სტრატეგიულ არქტიკულ პარტნიორობას, რომელიც საფრთხეს უქმნის NATO-ს ღირებულებებს და ინტერესებს.
კანადას ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, ძალიან ცოტას ხარჯავს თავის სამხედრო შესაძლებლობებზე. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ივნისში კანადამ განაცხადა, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში 4.9 მილიარდი კანადური დოლარის (3.8 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს NORAD-ის გაძლიერებისთვის. აღნიშნული აშშ-კანადას თავდაცვის ორგანიზაციაა.