
სტიქიურ უბედურებას პაკისტანში 1 000-მდე ადამიანი, მათ შორის 300 ბავშვი ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული სტიქია ,წყალდიდობა და ღვარცოფი ქვეყნის რამდენიმე რეგიონს თავს ერთდროულად დაატყდა.
სოციალურ ქსელებში მომხდარის ამსახველი კადრები ვრცელდება. მძიმე ვითარების გამო საცხოვრებელი სახლი 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა. დანგრეულია ათობით ათასი სახლი, რამდენიმე ასეული დასახლება კი დატბორილია.
სტიქიის გამო საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა ქვეყნის პრემიერმინისტრმა. შახბაზ შარიფის თქმით, მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია და ისინი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ.
წინასწარი მონაცემებით, მომხდარმა უკვე გადააჭარბა 2010 წელს უამინდობით გამოწვეული სტიქიური უბედურების დამანგრეველ შედეგებს. მაშინ სტიქიას 1 700 ადამიანი ემსხვერპლა.