ამერიკელი ექსპერტი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საქმეში უნდა ჩაერთოს, უკვე საქართველოშია. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ამერიკელი ექსპერტი ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს ხვდება.
ცნობილია, რომ რამდენიმე საათში თბილისში ჩამოვა შვეიცარიელი სპეციალისტიც. გარდა ამისა, მომდევნო დღეებში კიდევ სამ უცხოელ ექსპერტს ელოდებიან.
უცხოელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში ხვალ მოინახულებენ. როგორც ცნობილია, ისინი საქართველოში 3 დღე დარჩებიან. ამ დროის განმავლობაში შეხვედრები იგეგმება, თავად მიხეილ სააკაშვილთან, მისი ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან, ასევე ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლებთან, რომლებმაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა უკვე მოამზადეს. შეხვედრების შემდეგ უცხოელი ექსპერტები საბოლოო დასკვნას მოამზადებენ.