პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, მთავრობის სხდომაზე საქართველოში რამდენიმე ადგილას გაჩენილ ხანძრებს გამოეხმაურა და თქვა, რომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ღარიბაშვილმა "დესტრუქციული ძალებისგან" დივერსიებიც არ გამორიცხა:
"აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა ეს ზოგიერთი ადამიანების დაუდევრობით იყო გამოწვეული, შეიძლება ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ვიცით რა, სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული, ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს, აღმოჩენილი დახმარებისთვის - "მან დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში ჰაერში იყო უკვე გამოგზავნილი სამი თვითმფრინავი" - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე