
ოპოზიციური სამოქალაქო გაერთიანება ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ მიხაილ შურგალინს „აიდგილარა" აკრიტიკებს და "კორექტულობისა" და "სიფრთხილისკენ" მოუწოდებს.
საქმე ეხება შურგალინის განცხადებას რუსულ სამთავრობო მედია "რია ნოვოსტსთან". დიპლომატმა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, აფხაზეთში გამოთქმულ პროტესტზე საუბრისას განაცხადა, რომ ვითარება „ზედმეტად პოლიტიზებულია“ და „ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის შემდგომ ურთიერთობებს". მისივე თქმით, ბიჭვინთის ამბავს "აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის" მოწინააღმდეგეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
ამ შინაარსის განცხადებებისთვის, აფხაზური ოპოზიცია შურგალინს მიმართავს, რომ და ახსენებს, რომ „ბიჭვინთის“ ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა არ შეესაბამება არც აფხაზეთის და არც რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს. შეთანხმებაში ჩადებული ნორმები კი, „აფხაზეთის კონსტიტუციას“ ეწინააღმდეგება.
„დარწმუნებული ვართ მოქმედების მსგავსი ალგორითმი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რიგშია ობიექტები ენგურჰესი, საკალმახე მეურნეობა და ქვეყნის სხვა აქტივები“,- ნათქვამია "აიდგილარას" განცხადებაში.
„აიდგილარა“ კვლავ მოუწოდებს დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტს“ასლან ბჟანიას პარლამენტიდან გაიწვიოს სარატიფიკაციო დოკუმენტი.
შეგახსენებთ, მოსკოვში ე.წ. პრეზიდენტმა გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და 115 ჰექტარი საზღვაო სივრცე რუსეთის მფლობელობაში გადადის.
გადაწყვეტილებას ადგილობრივ "პოლიტიკურ წრეებსა" და აფხაზურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვა.
რაც შეეხება ენგურჰესს. ის ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. კაშხალი, წყალმიმღები და გვირაბის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, გვირაბის ნაწილი, მართვის ბლოკი და ჰიდროელექტროსადგურის შენობა კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ენგურჰესის საშუალო წლიური გამომუშავება სამი მილიარდ 700 მილიონი კილოვატ/საათია.