ერაყში შიიტი სასულიერო პირის მხარდამჭერებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ერაყის დედაქალაქ ბაღდათში მომხდარი შეტაკების შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. შეტაკება ერაყის უსაფრთხოების ძალებსა და შიიტი სასულიერო პირის, მოქტადა ალ-სადრის მხარდაჭერებს შორის მოხდა.

ოფიციალური პირების თქმით, ათობით ადამიანი მას შემდეგ დაშავდა, რაც მოქტადა ალ-სადრის მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალ-სადირმა პოლიტიკადან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი მხარდამჭერების დასაშლელად, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ალ-სადრის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას წინ უძღოდა მისი მხარდამჭერების რამდენიმეთვიანი პროტესტი, რომლებიც მხარს უჭერდნენ მის მოწოდებას ერაყის პარლამენტის დაშლისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ერაყში საპროტესტო აქციები და პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. ალ სადრმა უარი განაცხადა პროირანულ შიიტ მეტოქეებთან მოლაპარაკებებზე, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა შექმნა.

48 წლის მოქტადა ალ-სადრი ბოლო ოცი წლის მანძილზე ერაყის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დომინანტური ფიგურაა. მისი „მეჰდის არმია“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ფორმირება იყო, რომელიც ებრძოდა აშშ-სა და მის მოკავშირე ერაყის სამთავრობო ძალებს. მოგვიანებით მან „მეჰდის არმიას“ სახელი გადაარქვა და „მშვიდობის ბრიგადები“ დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ „მეჰდის არმიას“ კავშირები ჰქონდა ირანთან, სადრი ბოლო დროს ერაყის შიიტ მეზობელს გაემიჯნა და აცხადებს, რომ სურს წერტილი დაუსვას ერაყის საშინაო საქმეებზე აშშ-ისა და ირანის გავლენას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი