მაქსიმალურად შევეცდებით, შარის მოდების საშუალებაც არავის ჰქონდეს - მდინარაძე ომბუდსმენის შერჩევაზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს პოლიტიკურ სუბიექტების ნაწილს შორის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ომბუდსმენის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

ენმ, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი შეხვედრას არ ესწრებიან. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაში „გირჩის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მონაწილეობენ.

"ოცნებიდან" მათ მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე ხვდებიან.

მამუკა მდინარაძე არაფერს ამბობს, როგორ წარმოუდგენია მმართველ პარტიას ომბუდსმენის შერჩევის პროცესი. 

 "ხვალამდე ჩვენ არაფერს ვიტყვით იმასთან დაკავშირებით რას დავაპირებთ, იმიტომ რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისულიც არ ვართ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვისმინოთ ოპოზიციური სპექტრის აზრი [ომბუდსმენის] შერჩევის წესთან დაკავშირებით. ხვალ ჩვენ გვექნება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიტყვით.

ყველა შემთხვევაში ერთი ზოგადი პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და უზრუნველვყოფთ, რომ ინკლუზიური იყოს პროცესი და შარის მოდების საშუალებაც არავის ჰქონდეს, რომ მმართველმა გუნდმა რაიმე დააკლო ამ პუნქტის შესრულებას. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ პუნქტის შესრულებას საბოტაჟი გამოუცხადოს, ესეც საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული მეგობრებისთვის ნათელი იქნება, - თქვა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

ევროკავშირის  12 რეკომენდაციაში სახალხო დამცველის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად არჩევა ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მოქმედ ომბუდსმენს  ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება წლის ბოლოს ეწურება.

ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა მინიმუმ 90 ხმით უნდა აირჩიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმება სჭირდება და დამოუკიდებლად ომბუდსმენის არჩევის შესაძლებლობა ქართულ ოცნებას არ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი