
სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს, რომელიც სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალი წარუდგინეს. სამხარაძე არ დაუკავებიათ. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.
"გამოვედი ბრალდებულის სტატუსით. ოფიციალურად წამიყენეს ბრალი და დანარჩენს უკვე პროკურატურა და სასამართლო დაადგენს. ცდილობენ, რომ მე ოჯახს ჩამომაშორონ. იმიტომ რომ ყველამ იცის, მე 2014 წლიდან ბატონი იოსების გვერდში ვარ, 24 საათი მისი ოჯახის გვერდში ვარ. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩამომაშორონ და დამაკავონ" ამბობს სამხარაძე
ადვოკატის ინფორმაციით, სამხარაძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, სამხარაძე წარსულში ძალოვანი უწყების თანამშრომელი იყო და საშტატო იარაღიც ჰქონდა, თუმცა უწყებიდან წასვლის შემდეგ იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა, რამაც მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. ადვოკატის თქმით, სწორედ ეს ტყვიები იპოვეს სამხარაძის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 16 ივლისს.
ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ადვოკატი მოითხოვს სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
იხილეთ ასევე: