
სოსო გოგაშვილის ცოლის მორიგი მძიმე ბრალდება სამართალდამცველებს - თია მარტყოფლიშვილის თქმით, იმ ღამეს, როდესაც მის სახლში სპეცრაზმი შევიდა, ერთ-ერთი შეიარაღებული სპეცრაზმელი, მისი 10 წლის შვილს დაემუქრა. როგორც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლი ამბობს, ბავშმა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ თქვა.
გარდა ამისა, მარტყოფლიშვილის თქმით, სპეცოპერაციის ღამეს, ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე, რომელიც შენიღბული იყო:
"ნელ-ნელა ვაფიქსირებ ჩემს ოჯახში ვინ იყვნენ და აღვიდგინე. ერთ-ერთი იყო შალვა ბედოიძე, რომელიც დღეს მოქმედი მინისტრის მოადგილეა, წმინდა ვახუშტის. იყო გიორგი ღამბაშიძე, სუს-ის გენინსპექციის უფროსის მოადგილეა.
სპეცოპერაციის დროს, როცა ჩხრეკის განჩინებით შემოვიდნენ, რატომ იყვნენ ამ დროს, ასეთი თანამდებობის პირები ჩემს ოჯახში მოსულები. შენიღბულები იყვნენ. შალვა ბედოიძეს უფრო ღრმად ჰქონდა ამოჭრილი თვალებზე ნიღაბი.
გუშინ, სხვათაშორის, ჩემი პატარა ბიჭი, 10 წლის ბავშვი მეუბნება, დედა, აქამდე არ მინდოდა ამის თქმაო, მაგრამ მე, როცა საპირფარეშოში მომინდა გასვლაო, შენ ყვირილის ხმა რომ მესმოდა გამიშვი ხელიო, კარები გამოვაღეო და ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მომიშვირა იარაღიო და ასე მითხრა, არ გამოხვიდე იცოდე, ხომ იცი, ეს რა მიჭირავს ხელშიო" თქვა თია მარტყოფლიშვილმა.
ეს განცხადება მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა. სასამართლოში სოსო გოგაშვილის დაცვის წევრის მიმართ აღკვეთზე მსჯელობა მიმდინარეობს. ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი გუშინ, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით წაუყენეს.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისის ღამეს ჩატარდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ კი ის დააკავეს და 18 ივლისს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილი ბრალდებულია სსკ-ის სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.