
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ეხმაურება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად მიზანშეწონილად არ მიაჩნია, თუმცა არ განმარტავენ, რატომ მოაწერა ხელი დანიშვნას.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. აქედან გამომიდინარე, მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როცა მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა, როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.
რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებით გაეროში მუდმივ წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ 39, 39-ვე დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე", - თქვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ.
დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე აშშ-ში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. ის თანამდებობაზე დავით ზალკალიანმა შეცვალა.
შეგახსენებთ, 7 ივნისს, "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის დანიშვნაზე გაეროში, ხოლო კახა იმნაძის დანიშვნაზე კანადაში, უარი თქვა. რის გამოც, "ოცნების" ხელისუფლებამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.