შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი გური ამარხანაშვილი ერთ-ერთია იმ მოწმეებიდან, რომლის ჩვენების სანდოობას პროკურატურა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 19 წლის ფეხბურთელის მრავალტომიან საქმეში ახალი დოკუმენტი გაჩნდა, რომლითაც შოთაძის უწყება დაზარალებული მოზარდების ხელახალ გამოკითხვას მოითხოვს.
საქმის მთავარი მოწმეებით პროკურატურა კიდევ ერთხელ მათი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო დაინტერესდა. პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანია, რით არის გამოწვეული საბედიწერო მოვლენების ფიგურანტების, მათ შორის გურამ ამირხანაშვილის ჩვენებებში წინააღმდეგობები.
ცნობილი ხდება, რომ პროკურატურისთვის საქმის მთავარი მოწმეები ბოლომდე სანდოები აღარ არიან და მათ მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს.
2 ივლისს მცხეთის საოლქო პროკურატურა გამოძიების მწარმოებლებს ახალ მითითებებს უგზავნის და სრულყოფილი და ობიექტურის გამოძიების ჩატარების მიზნით, საქმის მთავარი მოწმეების დამატებით დაკითხვებს ითხოვს.
გავრცელებულ დოკუმენტში მითითებულია ყველა ის კითხვა, რომელზე პასუხიც პროკურატურამ უკვე დაზარალებულის სტატუსის მქონე პირების მიცემულ რამდენიმე ჩვენებაში ვერ ამოიკითხა. ჩამონათვალში პირველი გურამ ამირხანაშვილია. პროკურატურა პოლიციას სთხოვს, რომ განმეორებითი დაკითხვისას ამირხანაშვილთან გაარკვიონ, რა თანმიმდევრობით გარბოდნენ, ვინ სად დაიმალა, ასევე ეჭირათ თუ არა რაიმე ნივთი ხელში იმ ადამიანებს, ვინც მათ მისდევდათ.
ვინ გამოეკიდა გიორგი შაქარაშვილს და რა მანძილი იყო გიორგი შაქარაშვილსა და მდევრებს შორის? უნდა განისაზღვროს კონკრეტული ადგილები. გამოსაკითხმა პირმა ბოლოს როდის დაინახა გიორგი შაქარაშვილი და მისი მდევრები. ამის შემდეგ რას ხედავდა, რა ხმები ესმოდა ხომ არ გაიგო მათ შორის ავტომანქანის ხმა, წყალზე რაიმეს დაცემის ანდა ბუჩქებში ადამიანის გაქცევის, დაცემის, ასევე დახმარების სათხოვნელად ყვირილის ან ტკივილისა თუ შიშისგან გამოწვეული კვნესის და ნებისმიერი სხვა ხმა, რაც საინტერესო იქნება გამოძიებისთვის.
პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ გამომძიებლებმა გაარკვიონ, რით არის გამოწვეული გურამ ამირხანაშვილის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობები. დაკითხვიდან დაკითხვამდე რატომ რბილდება მისი ტონი და ჩვენებებიდან რატომ ქრება ფრაზები, რომელიც ბრალდებულთა დანაშაულს მიუთითებს. ამის გარდა, პროკურატურა ითხოვს ამირხანაშვილთან დაისვას პირადი ხასითის შეკითხვებიც, რომელთა მიზანიც სავარაუდოდ, დანაშაულის მოტივის დადგენაა.
გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვით ასევე უნდა დადგინდეს, ჰყავდა თუ არა შეყვარებული - მეგობარი გოგონა გიორგი შაქარაშვილს და უკავშირდებოდა თუ არა აღნიშნული რაიმე ფორმით ვახტანგ ჩიქოვანს.
ასევე დასადგენია ვახტანგ ჩიქოვანის ან ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე მყოფ რომელიმე პირს ხომ არ ჰქონდა უთანხმოება გიორგი შაქარაშვილთან, ვახტანგ ახვლედიანთან, იაკობ ბრეგვაძესთან კონსტანტინე ღიბრაძესთან ან გიორგი ქათამაძესთან.
ანალოგიური შეკითხვების დასმას პროკურატურა ვახტანგ ახვლედიანთანაც ითხოვს. საქმეში მისი ორი ჩვენება დევს, რომლებიც 19 და 23 ივნისითაა დათარიღებული. ამ ჩვენებებში ახვლედიანი მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიებას განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის.
მაგალითად, 19 ივნისის ჩვენებაში ახვლედიანი ამბობს :
მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუიჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქეთკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა „სად გაიქეცით, გამოდითო“ და თანაც გვაგინებდნენ.
23 ივნისის ჩვენებაში მან უკვე 3 წუთამდე შეამცირა დრო, როცა მისი თქმით, მათ ეძებდნენ. აღარ საუბრობს იმაზე, რომ აგინებდნენ, თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდათ დევნის პროცესში "ქამრის" მგზავრებს.
გამომძიებლის დასმულ შეკითხვაზე, დაეწეოდნენ თუ არა შაქარაშვილს, პასუხობს:
ჩემი სუბიექტური შეფასებით, გიორგი შაქარაშვილს ვერ დაეწეოდნენ ის პირები, რომლებიც მოგვსდევდნენ ჩვენ, ვინაიდან გიორგი ძალიან სწრაფად დარბოდა. მე დანამდვილებით ვერ ვიტყვი, შეიარაღებნული იყვნენ თუ არა ის პირები, ვინც მუქი ფერის მანქანიდან გადმოვიდა და ჩვენ მოგვსდევდა, ვინაიდან ამაზე ყურადღების მიქცევის დრო არ მქონია.
კითხვებზე: რამდენი ადამიანი მისდევდათ, სად გაჩერდნენ, რამეს ხომ არ ეძახდნენ დევნის პროცესში და ემუქრებოდნენ თუ არა სხეულის დაზიანებით ან სიცოცხლის მოსპობით, პასუხობს:
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ გამოგვედვენა ორი ადამიანი. ისინი ჩვენი მიმართულებით იგინებოდნენ და მორბოდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორებით დამუქრებას ან სიცოცხლის მოსპობით მუქარას ადგილი არ ჰქონია სიტყვიერად. თუმცა, შექმნილ ვითარებაში სხვა ყველა ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით აშკარა იყო, რომ ჩვენს საცემად მორბოდნენ. მათ დაახლოებთ 30 წამი გვსდიეს ჩვენ. მას შემდეგ, რაც ხიდის ბოლოში გავედი, მე მოვბრუნდი უკან და ისინი უკვე აღარ იყვნენ ადგილზე, წასულები ივყნენ. სად შეჩერდნენ და საიდან გაბრუნდნენ უკან, ეგ აღარ დამინახია.
საქმის მთავარი მოწმეების მიმართ შეკითხვები დიდი ხანია აქვთ საქმეში ჩართულ ადვოკატებს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მოწმეები მნიშვნელოვან გარემოებებს მალავენ და განსხვავებული ჩვენებებს მიზანმიმარეთულად იძლევიან.
ადვოკატები თვლიან, რომ გამოძიება ჩიხშია შესული და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ყოველდღე უფრო რთულდება. მოწმეთა შეცვლილი და განსხვავებული ჩვენებები კი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. მთავარი მოწმეების მიმართ გაჩენილი შეკითხვები ამყარებს ვარაუდს, რომ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდება.