557 მილიონი ლარი - ეს იმ თანხის ნაწილია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაშინ დაიხარჯა, როცა ადამიანები შემოსავლის გარეშე, კომპანიები გაკოტრების წინაშე და ქვეყანა ეკონომიკური დარტყმის პირისპირ აღმოჩნდა.
კორონა პანდემია მხოლოდ ერთეული კომპანიებისთვის გამოდგა გამდიდრების და სახელმწიფო ფულის ხელში ჩაგდების საბაბი. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" ყველა ის ბიზნესგარიგება შეისწავლა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის საგანგებო მდგომარეობის დროს გაფორმდა.
აღმოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებასთან" ახლო კავშირები და ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასარგებლოდ გაღებული შემოწირულობები გამდიდრების წინაპირობაა. ამ ეჭვებს არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს.
ერთ-ერთი ასეთი კომპანია შპს "ყვარლის ედემია". საგანგებო მდგომარეობის დროს ალექსანდრე მაღრაძის კომპანიამ 400 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტი გააფორმა. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ეს ეს ბიზნესმენი იყო, რომელმაც ხელშეკრულებამდე სამი დღით ადრე "ქართულ ოცნებას" 5 ათასი ლარი შესწირა.
"ყვარლის ედემის" 50%-იანი წილის მფლობელმა და შპს "ზიმოს" დამფუძნებელმა ზურაბ კიკნაძემ კი გასულ წელს 100 ათასი ლარი დათმო მართველი გუნდის დასახმარებლად. ეს შეწირულობები კომპანიისთვის გაზრდილი შემოსავლის წინაპირობა აღმოჩნდა. "ყვარლის ედემი" პანდემიის დროს საკარანტინო სივრცედ გადააკეთეს, სასტუმრო ახლა დაკეტილია და საეჭვო გარიგებების შესახებ კომპანიის მფლობელებს საუბარი არ სურთ.
კომპანიების სია საკმაოდ ვრცელია, მოსახლეობის მილიონები კი სახელმწიფო უწყებებმა პარტიული შემოწირულობების მიხედვით გადაანაწილეს. კვლევის მიხედვით, შპს "ჯითი გრუპი" მოწინავე ადგილზეა. კარანტინის დროს 12 მილიონამდე ლარი პირდაპირი შესყიდვის წესით თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გადასცა. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიის დამფუძნებლის გვარი მმართველი გუნდის შემომწირველებს შორისაა,
"ჯითი გრუპის" უკვე ყოფილმა დირექტორმა ლევან გოგსაძემ და ამავე კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გველესიანმა "ქართულ ოცნებას" საერთო ჯამში 150 ათას ლარზე მეტი შესწირეს, ამ თანხით კი საკუთარი ბიზნესი 12 მილიონზე მეტი ლარით ასარგებლეს.
კიდევ ერთი კომპანია შპს "ინსია". ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის დროს ამ კომპანიისთან სახელმწიფომ 34 მილიონი ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ამას წინ უძღვოდა ისევ "ქართული ოცნების" ანგარიშზე დარიცხული 50 ათასი ლარი, რომელიც "ინ-სის" დირექტორმა ზვიად თოიძემ პარტიას შეწირა.
ის, რაც კერძო სექტორისთის უმნიშვნელო დეტალია, "საერთაშორისო გამჭირვალობისთვის" დიდი კითხვის ნიშნების მიზეზი აღმოჩნდა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა ყველა ოფიციალური შეთანხმების უკან დიდი კორუფციული სქემა იმალებოდეს. არასამთავრობო სექტორი აუდიტის სამსახურს კარანტინის დროს გაფორმებული ხელშეკრულებებისა და ტენდერების შესწავლისკენ მოუწოდებს.
კვლევაში სახელმწიფო უწყებებიც ფიგურირებენ. რა რაოდენობის საბიუჯეტო თანხა დახარჯა საგანგებო მდგომარეობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მასთან დაქვემდებარებულმა სამსახურებმა, უცნობია. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" გომელაურის უწყებამ ის დოკუმენტები არ მიაწოდა, რომლებიც ორთვიანი კარანტინის დროს კერძო სექტორისთვის გადაცემული თანხების კეთილსინდისიერებას დაადასტურებდა. კითხვა, რას მალავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევ პასუხგაუცემელია.