
"ევროპულ საქართველოში" ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მაშინ, როცა რეაქტორების აფეთქების შემთხვევაში, რადიაციული დაბინძურების საფრთხე საქართველოსაც ემუქრება, საქართველოს ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს.
„ასეთ დროს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებები და სახელმწიფოები ემზადებიან ყველაზე მძიმე და უარესი სცენარისთვის. რუმინეთმა გადასცა მოლდოვას 1 მილიონი იოდის ანტირადიაციული ტაბლეტი. მოლდოვამ ტაბლეტები გადაანაწილა სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღონ მოქალაქეებმა. მოლდოვის ხელისუფლებამ ასევე გამოაქვეყნა ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა თუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ააფეთქეს. მოლდოვის ხელისუფლება არ ქმნის პანიკას, მაგრამ მზად არის შესაძლო საფრთხესთან გასამკლავებლად. როგორც რეაგირებენ ამ გამოწვევაზე საჩვენებელი მაგალითი შეიძლება იყოს.
რუმინეთმა შეიძინა 30 მილიონი იოდის ტაბლეტი, რაც მას დაუჯდა 6 მილიონი ევრო. ბულგარეთმა ასევე შეავსო ანტირადიაციული იოდის ტაბლეტების მარაგები საკუთარ ქვეყანაში. ანალოგიურად მოიქცა ჯამში ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა. ამასთან ერთად ევროკავშირმა მოამარაგა უკრაინა ანტირადიაციული ტაბლეტებით.
ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძენია ანტირადიაციული ტაბლეტები მსგავსად სხვებისა და ამით მოქალაქეებს ტოვებს დაუცველს. ჩვენთვის საჯაროდ არ რეაგირებს, არ მოქმედებს და აქედან გამომდინარე ჩვენთვის უცნობია რაიმე ზომები აქვს თუ არა მიღებული საერთოდ. ეს ხელისუფლება ხუჭავს რუსეთის აგრესიიდან მომდინარე ყველა საფრთხეზე თვალს“ - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ნონიაშვილმა
პარტიის კიდევ ერთი წევრის, რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანის თქმით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უკვე უნდა მიდიოდეს სამედიცინო სისტემის მომზადება, რაც პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსა და შსს-ს პასუხისმგებლობაა:
„იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რის წინაშეც ვდგავართ, დღეს უკვე უნდა მიდიოდეს სამედიცინო სისტემის მომზადება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის გადამზადება და ინფორმირება ამ მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა მათ ადეკვატურად გამოიყენონ და არ მოხდეს მედიკამენტის პანიკურად ან არ საჭიროების შემთხვევაში გამოყენება. ეს კამპანია უკვე უნდა მიდიოდეს და ასევე უნდა განსაზღვრული და ყველა რგოლი უნდა იყოს საქმეში თუ როგორ განხორციელდება ამ მედიკამენტისა და არამარტო ამ მედიკამენტის ლოჯისტიკა." განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.