
რუსეთის ხელმძღვანელობა, ალბათ, ემზადება ახალი ძალების შესაქმნელად შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის წინააღმდეგ შეტევის გასაძლიერებლად - ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პუტინის განცხადება უკრაინაში "ანტირუსული ანკლავის" ლიკვიდაციის გეგმების შესახებ, ისევე როგორც ძველი აგრესიული რიტორიკის გამეორება უკრაინელების წინააღმდეგ, აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი მაქსიმალისტურ გეგმაზე - დაიპყროს მთელი უკრაინა.
"[პუტინის განცხადება], სავარაუდოდ მიზნად ისახავს ინფორმაციული პირობების შექმნას რუსეთის მხრიდან შემდგომი ძალისხმევის გაზრდისთვის და ამ წლის შემოდგომასა და ზამთარში ახალი ძალების შესაქმნელად", - თვლიან ანალიტიკოსები.
ექსპერტების თქმით, დონბასის რეგიონის ოკუპაცია რუსეთის სარდლობას მხოლოდ დამპყრობელთა საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად სჭირდება. თუმცა მათი თქმით, დონბასის აღება 15 სექტემბრისთვის ნაკლებად სავარაუდოა.
ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსულმა არმიამ მცირე წარმატებებს მიაღწია ავდიევკას გარშემო, რის შემდეგაც ოკუპანტების წინსვლა შეჩერდა.