
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] გამოავლინა და დააკავა მოღალატე, რომელიც მტერს უკრაინელი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. დაკავებული თავადაც სამხედროს ცოლია და ის საოკუპაციო ძალებს უკრაინის დამცველების ადგილმდებარეობის, მათი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე გადასცემდა ცნობებს.
ქალი 31 წლისაა , დნეპროპეტროვსკის მკვიდრია და მტრისთვის მუშაობა მაისში დაიწყო. ის დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მახლობლად ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ქმრისგან იგებდა და შემდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვას გადასცემდა.
საკონტაქტო კი რუსი სამხედრო იყო, რომელიც ქალს რუსეთის მოქალაქეობას და კეთილდღეობას პირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეგიონს რუსები დაიკავებდნენ.
დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და უკანონო საქმიანობისთვის გამოყენებული მობილური ტერმინალები. მას ბრალად ედება ქვეყნის ღალატი და სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა.