საქართველოს ევროპული მომავალი და ქვეყნის ადგილი ასოცირებულ ტრიოში - ამ საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაზე მსჯელობენ, რომელსაც ყოფილი და მოქმედი ევროპარლამენტარები, "ქართული ოცნების" წევრები და ოპოზიცია ესწრება.
ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ , იმისთვის რომ საქართველო ისევ უკრაინისა და მოლდოვის კონტექსტში მოიაზრებოდეს.
შეხვედრას ესწრება ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსიც, რომელმაც კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე:
"მე ძალიან კარგად მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი ცოტათი გაწბილებული. მეორეს მხრივ, ისიც უნდა ვთქვა, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ევროპის საბჭომ, ევროკომისიის რეკომენდაციით, ბოლოს და ბოლოს გაუხსნა კარი უკრაინას, მოდოვას და ასევე საქართველოს. საქართველოს ცოტა მეტი აქვს გასაკეთებელი და ის პრიორიტეტები, რომლებიც განისაზღვრა, უნდა შესრულდეს დეკემბრამდე. შეუძლებელი აქ არაფერია, მე ვთვლი, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის და საქართველო ამას გააკეთებს.
ყველაფერი ნათლად არის ჩამოყალიბებული ევროკომისიის განცხადებაში. თქვენ ალბათ გახსოვთ პრობლემები ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით მოეწერა ხელი შეთანხმებას. საქართველოს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა მოსაგვარებელი, მათ შორის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და გარკვეულწილად კორუფციის კუთხით. ეს ყველაფერი უკვე არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი, ამიტომ ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები არავისთვის უნდა იყოს მოულოდნელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს პრიორიტეტები შესრულებადია.
თუ ჩვენ შევხედავთ იმ პრიორიტეტებს, რომლებიც სამივე ასოცირებულ ქვეყანას, ანუ ე.წ. ტრიოს დაუსახეს, დავინახავთ, რომ მეტ-ნაკლებად ყველა ისინი მსგავს პრობლემებს ეხება. მოლდოვასა და უკრაინაში დეოლიგარქიზაცია ბოლო რამდენიმე ხნის განმნავლობაში მთავარი საკითხი იყო, საქართველოსთვის კი ეს ახალი თემაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიტერიუმი შესრულდეს." ამბობს ჰარმსი.