
"წასული ოთხეული" პრეზიდენტს პასუხობს და ურჩევს, არ დაავიწყდეს "ვისი არჩეულია". გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება "მიუღებლად" შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებში ვერ გაერკვა:
"სამწუხაროდ, მან დღემდე ვერ ისწავლა კონსტიტუციაში მისი კონკრეტული ფუნქციები, ყოველი მისი განცხადების დროს, მისი განცხადება არამხოლოდ არ ემთხვევა კონსტიტუციაში მის ფუნქციებს, ესკალაციისკენ არის მიმართული." თქვა მაჭარაშვილმა და პრეზიდენტი პარლამენტის მიმართ "აგდებულ" დამოკიდებულებაში დაადანაშაულა - "ვერც დაითვალა სამი გავიდა თუ ოთხი, აქაც ან ეშლება და აგდებულად იხსენებს" თქვა მაჭარაშვილმა.
მეორე "წასულის", მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ისინი გააგრძელებენ "საზოგადოების ინფორმირებას" სალომე ზურაბიშვილის ამ დამოკიდებულების მიუხედავად.
"უნდა გაემიჯნოს პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს, თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და შემდეგ კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებს და სხვადასხვა პარტნიორებს, რომ ვითომ, მათ უნდათ ჩვენი ჩართვა რაღაც ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს იყოს ძალიან მკაფიოდ ნათქვამი" განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე