
უკრაინის სამხრეთით კონტრშეტევები ხერსონისა და მიკოლაევის ოლქის მიმართლებით ძლიერდება. შეიარაღებული ძალები დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში მიიწევენ. განადგურებულია კიდევ ერთი რუსული მსხვილი სამხედრო ბაზა მელიტოპოლში.
უკრაინელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კიევის სასურველი მიზანი - სამხრეთით ტერიტორიების გათავისუფლება, მათ შორის დროებით ოკუპირებული ყირიმის, შემოდგომით უნდა იქნას მიღწეული.
"გვიან ღამით რამდენიმე აფეთქება იყო. ყველა მათგანი მტრის მიერ ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ბაზაზე მოხდა. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ბაზა სამხედრო აეროდრომთან მდებარეობს. იყო დეტონაცია და შემდეგ როგორც ადგილობრივები გვიყვებიან- დაინახეს როგორ ცდილობდნენ ოკუპანტები ცეცხლიდან გადარჩენილი ნივთების გამოტანას. ყველაფერი ეს ნიშნავს რომ მტერი ჩვენთან თავს არაკომფორტულად გრძნობს. მას აღარ შეუძლია საკუთარი პოზიციების გამაგრება და ადრე თუ გვიან უკან დახევა მოუწევს. მით უფრო იმ ფონზე რომ მათი რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია",- ამბობს ივან ფიოდოროვი, მელიტოპოლის მერი.
რაც შეეხება რუსულ დანაკარგებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებმა 49 500 სამხედრო დაკარგეს.
"დღეს ჩვენს მებრძოლებს ძალიან კარგი შედეგები აქვთ - ჩამოგდებულია კალიბრის ტიპის რაკეტები, განდგურებულია მტრის შვეულმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები. ყოველი ასეთი შედეგი ეს გადარჩენილი უკრაინული სიცოცხლეა. შესაძლებლობა იბრძოლო საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი ცის დაცვა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან. ასევე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრი ყველა ჩვენს პარტნიორს. განსაკუთრებით მათ ვინც ცის დაცვაში გვეხმარება- ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან",- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
აღსანიშნავია, რომ აფეთქებების სერიაა უკრაინის აღმოსავლეთით. ოკუპანტების მორიგი სამიზნე დნეპრო-პეტროვსკში სამედიცინო დაწესებულებები გახდა. არსებული ცნობებით, სხვადსხვა დასახლებაში რუსეთის იერიშის ქვეშ 3 საავადმყოფო მოჰყვა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი