ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი ჰაიეკის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა.
ამავე კონტექსტში საუბრისას კალასმა საქართველოც ახსენა და რუსულ აგრესიაზე დასავლეთის სუსტ რეაქციას გაუსვა ხაზი.
კალასმა შეცდომა უწოდა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რა დროსაც უკრაინასა და საქართველოს მაპი არ მიანიჭეს. მანვე აღნიშნა, რომ დასავლეთმა არ შეიძლება გაიმეოროს ის შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა.
"ჩვენ, ევროკავშირსა და NATO-ში გვაქვს შესაძლებლობა, შევაჩეროთ რუსული აგრესია ახლა. კრემლის ძალადობრივი ამბიციების ნიშნები ყოველთვის ჩვენ წინ იყო. მიუხედავად ამისა, ბევრი ემხრობოდა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ მინიჭებოდა უკრაინასა და საქართველოს [NATO-ში] გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - ახლა აშკარაა, რომ ეს რუსეთმა აღიქვა, როგორც სისუსტე და მკაფიო მოწვევა ევროპაში სამხედრო დამკვიდრებისთვის. ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ვისწავლოთ გაკვეთილები წარსულში ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან.
ჩვენ არ შეგვიძლია გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით საქართველოში, ყირიმსა და დონბასში აგრესიაზე რეაგირებისას, სადაც რუსეთმა ტერიტორიები მიიტაცა და ამისთვის არ დასჯილა. არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.
თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ძლიერებას, ვერ დავაბრუნებთ აგრესორს თავის ტერიტორიაზე და არ განვიხილავთ ომის დანაშაულებს, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი საფრთხეშია. ფასი იზრდება ყოველი დაგვიანებით და ყოველგვარი ყოყმანით. ბოროტებასთან ნახევრად გამკლავება, მაინც ბოროტების გამარჯვებაა.
მათ, ვინც საზღვრებს იზიარებს აგრესორთან, აქვთ განსხვავებული გამოცდილება და პერსპექტივა მათგან შედარებით, ვისაც ბევრად უკეთესი მეზობლები ჰყავს. ჩვენი დემოკრატიის აშენებისას, ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკის პრინციპების შესაბამისად, ჩვენ ვუსმენდით ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და იქნებ ახლა არის ჩვენი მოსმენის დრო", - თქვა კაია კალასმა.