ოპოზიციამ EU-ის რეკომენდაციების შესრულების გეგმა მოამზადა | დოკუმენტი მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება

გამოქვეყნდა:

​ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ მათ მესამე სექტორთან ერთად, ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების გეგმა მოამზადეს.

ხელისუფლების ოპონენტები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს. 

გარდა ამისა, ისინი წერენ, რომ  მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით.

მათ მიერ შემუშავებული გეგმა მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება.

მთავარი არხის ვებგვერდი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირის წევრობა არის საქართველოს ისტორიული შანსი და მთავრი ამოცანა.

სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ თავიდანვე, რეკომენდაციების მიღებისთანავე დააყენა 3 კონკრეტული დათქმა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

დათქმა 1: დე-ოლიგარქიზაცია არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს და უფრო მეტიც, ოლიგარქები არიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და  კრიტიკული მედიის დამფუძნებლები.

დათქმა 2: ქართული ოცნება არ აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას და პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით ცდილობს.

დათქმა 3: ქართულმა ოცნებამ წინსწრებით უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული და უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე, ხოლო დეპოლარიზაციად მიაჩნია ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება, მათ შორის, ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებზე. 

ამის პარალელურად, ქართულმა ოცნებამ რუსული ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით წამოიწყო საინფორმაციო შეტევა პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე,  არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ელჩებზე, აშშ და ევროკავშირის ინსტიტუტებზე იმ საბაბით, რომ თითქოს ყველა ზემოაღნიშნულს სურდა საქართველოში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის  იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დაკავშირებულია ომში ჩართვასთან და არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან. 

გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ უხეშად შეზღუდა დასავლეთიდან დაფინანსებული ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების (სამართლიანი არჩევნები-ISFED)  მონაწილეობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სამუშაო პროცესში, რასაც მოჰყვა სხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. 

მიუხედავად ქართული ოცნების პოზიციისა, რეკომენდაციების მიღებისთანავე, ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომ ერთობლივად, მმართველი პარტიის მონაწილეობით, შევთანხმებულიყავით საერთო სამოქმედო გეგმაზე და დაგვეწყო მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და დემონსტრაციულად ჩაკეტა სასესიო დარბაზის კარებები

ამის შემდეგ, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს მოგვიწია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამუშაო პროცესის დაწყება საჭირო ინიციატივების მოსამზადებლად. პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორის ფართო ჩართულობით, განსხვავებით ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფაქტიურად ერთპარტიული, არაგამჭვირვალე და არაინკლუზიური პროცესისგან. 

ზაფხულის განმავლობაში,  არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მოვამზადეთ ევროპული რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო  სათანადო გადაწყვეტები და საკანონმდებლო ინიციატივები თორმეტივე მიმართულებით. ჩვენს მიერ მომზადებული ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს.  წინა კვირაში მოხდა შემუშავებული ხედვების და ინიციატივების გაცნობა სამოქალაქო სექტორისთვის. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით.  მომდევნო კვირაში, საბოლოო შეჯერების შემდეგ, მოხდება  დოკუმენტის გასაჯაროება და  შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე. 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხიმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი