თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე "დიდება უკრაინას", ვიდეომიმართვით სიტყვით გამოვიდა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი და ომში მყოფი ქვეყნის მდგომარეობაზე ისაუბრა:
"მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც უკრაინას ყოველთვის უჭერს მხარს და ეს განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ დავინახეთ. ჩვენი არმია წარმატებით იბრძვის. ფრონტის ხაზზე წარმატებული ბრძოლების შედეგად რამდენიმე დასახლებული პუნქტისა და სოფლების დეოკუპაცია მოვახდინეთ. ეს წარმატება განსაკუთრებით ხერსონის ოლქის მიმართულებით შეინიშნება. ყველაფერს არ ვასაჯაროებთ. მიმდინარე პროცესების პარალელურად წარმატებით ვახორციელებთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე გატანას და ვფიქრობთ რომ სექტემბერში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ომის შედეგებს, სხვადასხვა გამოთვლებით ეს 105 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ვგულისხმობთ დანგრეულ საცხოვრებელ ფონდს, ინფრასტრუქტურას, საგზაო ინფრასტრუქტურას, განადგურებულ ქალაქებსა და მცირე დასახლებებს." თქვა ოლეკსანდრ კუბრაკოვმა
ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ქართველ კოლეგებთან ერთად ორი დღის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პუტინის ომსა და რუსული აგრესიის შედეგებზე იმსჯელებენ. ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში საქართველოს როლზე დისკუსიაში მონაწილეობენ არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
საერთაშორისო კონფერენცია არაოფიციალურად სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო. დასავლელმა პარტნიორებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. კონფერენციის ოფიციალური ნაწილი უკრაინის ჰიმნით დაიწყო.