
ვფიქრობ, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს - განცხადება ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა. კრამონი საერთაშორისო კონფერენაციას, "დიდება უკრაინას" ესწრება:
საქართველოში ბოლო კვირებსა და თვეებში განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს. ეს ეხება მედიის თავისუფლებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, მედიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა აქტივისტებს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და კიდევ სხვა საკითხებს. ამას ემატება ერთი პიროვნების გავლენა, რომელიც ძალიან მდიდარია და რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას. ეს დემოკრატიისთვის კარგი არ არის. როდესაც გყავს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი როგორიც თუნდაც ბიძინა ივანიშვილია და როდესაც ის მთელს სტრუქტურაზე ახდენს გავლენს, კარგი არ არის. ვფიქრობ, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში. სწორედ ამ მიზეზით ეს საკითხი ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პირობიდან ერთ-ერთი პირობად არის დასახელებული." განაცხადა კრამონმა.
ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ქართველ კოლეგებთან ერთად ორი დღის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პუტინის ომსა და რუსული აგრესიის შედეგებზე იმსჯელებენ. ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში საქართველოს როლზე დისკუსიაში მონაწილეობენ არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
საერთაშორისო კონფერენცია არაოფიციალურად სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო. დასავლელმა პარტნიორებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. კონფერენციის ოფიციალური ნაწილი უკრაინის ჰიმნით დაიწყო.