ბოლო წლებში საქართველოს პროგრესი არ ჰქონია. მეტიც, ეს ქვეყანა უკან მიიწევს - ჯონ ჰერბსტი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს უფრო აქტიური მხარდაჭერა უნდა გამოეხატა, რადგან ორივე ქვეყანას საერთო ინტერესები აქვს:

"საქართველოსა და უკრაინას ერთი და იგივე ინტერესები აქვთ, რადგან ისინი ერთსა და იმავე საფრთხეების წინაშე დგანან. წარსულში, როდესაც 2014 წელს რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც ბოლო წლებში სამწუხაროდ შეწყდა. მე მესმის, რომ საქართველოს არ სურს უფრო გააღიზიანოს რუსეთი, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ უკრაინის მიმართ უფრო აქტიური მხარდაჭერის გამოხატვა ცუდი არ იქნებოდა. 
მე არ მინდა, დეოლიგარქიზაცია რომელიმე პიროვნებას დავუკავშირო, მაგრამ ნათელია, რომ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, არის წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ბოლო წლებში საქართველოს, გულწრფელად რომ ვთქვათ, პროგრესი არ ჰქონია. მეტიც, ეს ქვეყანა უკან მიიწევს და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ვერ მიიღო" ამბობს ჰერბსტი. 

შეგახსენებთ, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" მიმდინარეობს.

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ქართველ კოლეგებთან ერთად ორი დღის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პუტინის ომსა  და  რუსული აგრესიის შედეგებზე იმსჯელებენ. ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში საქართველოს როლზე დისკუსიაში  მონაწილეობენ  არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. 

საერთაშორისო კონფერენცია არაოფიციალურად სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო. დასავლელმა პარტნიორებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს  საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. კონფერენციის ოფიციალური ნაწილი უკრაინის ჰიმნით დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი