
ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური და ხელშესახები საშუალება არის თავისუფალი მედია. არის თუ არა ამერიკის სტრატეგიულ გეგმებში საქართველოში თავისუფალი მედიის მხარდაჭერა? - ამ შეკითხვით მიმართა "მთავარი არხის" იურისტმა, თამთა მურადაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებსა და სიტყვით გამომსვლელებს:
"ამაზე პასუხი არის მკაფიო „დიახ“! როდესაც მე ვლაპარაკობდი შეტევაზე გადასვლის შესახებ, ამის ნაწილია თავისუფალი მედია. მიჭირს სიტყვებით გადმოცემა, თუ რამდენად ვართ შეშფოთებულები იმით, რაც სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით ხდება საქართველოში და აქ ვგულისხმობ ისფედსა და თავისუფალ მედიას. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ, უბრალოდ გვერდით არ ვდგავართ, ჩვენ უზარმაზარი რესურსები ჩავდეთ საქართველოში, მაგრამ ჩვენ ვერ გვენდომება ეს ყველაფერი უფრო მეტად, ვიდრე თქვენ უნდა გინდოდეთ. ამიტომ, ნუ დაკარგავთ ამ შესაძლებლობას. არავინ იცის, როდის გექნებათ კიდევ მსგავსი შანსი, ჩვენ კი აქვე ვართ და მზად ვართ, დაგეხმაროთ." თქვა მურადაშვილის პასუხად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდმა.
შეგახსენებთ, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" მიმდინარეობს.
ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ქართველ კოლეგებთან ერთად ორი დღის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პუტინის ომსა და რუსული აგრესიის შედეგებზე იმსჯელებენ. ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში საქართველოს როლზე დისკუსიაში მონაწილეობენ არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
საერთაშორისო კონფერენცია არაოფიციალურად სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო. დასავლელმა პარტნიორებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. კონფერენციის ოფიციალური ნაწილი უკრაინის ჰიმნით დაიწყო.