
საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. კარლ ჰარცელის შემცვლელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს რწმუნების სიგელები გადასცა.
სალომე ზურაბიშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრაზე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
"საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანა უზარმაზარი პრივილეგიაა",- ამბობს ელჩი.
ევროკავშირის წარმომადგენლობა კი ელჩის პირველ მიმართვას ავრცელებს, სადაც დიპლომატიური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დგას და სწორედ ამიტომ, მისთვის ასეთ დროს ამ თანამდებობაზე დანიშვნა დიდი პასუხისმგებლობაა.