ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა.
ლინკევიჩუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში მედიას დაბრკოლებები აქვს, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს.
"ქვეყანას უნდა ჰქონდეს კონკრეტული სტრატეგიული გეგმა და აქ მნიშვნელოვანია ერთიანობა. პოლარიზაცია, როგორც იცით, ამ კონფერენციაზე ყველაზე პოპულარული სიტყვაა და თუ ევროინტეგრაცია მართლაც სერიოზული მიზანია, მაშინ ამ მიზნისკენ ერთიანად უნდა იაროთ. ყველას თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ მედიის თავისუფლება უფრო მგრძნობიარე თემაა და როდესაც არსებობს სასამართლო საქმეები ჟურნალისტების წინააღმდეგ, ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
მე ვიცი, რომ საქართველოში ტექნიკურად არხის დარეგისტრირება ადვილია, მაგრამ არსებობს კიდევ არხების დაფინანსება, ანუ არის რაღაც ფარული დაბრკოლებები მედიის თავისუფლების მხრივ, რაც არ უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში.
რა თქმა უნდა, როდესაც დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის კონკრეტული ადამიანი, ან ადამიანები გვყავს მხედველობაში. აქ მთავარია, რომ ისეთი გარემო შეიქმნას, რომელშიც ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ჩრდილიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მართვას. ანუ, ადამიანს, ვინც არჩეული არ არის, ვერ ექნება გავლენა არჩეულ ინსტიტუტებზე", - თქვა ლინას ლინკევიჩუსმა.