
თბილისის საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით "დიდება უკრაინას", ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ესწრებოდა.
სოფო ლილუაშვილს ორი დღის განმავლობაში, ევროპელ პოლიტიკოსებთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა. დღეს ის ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვედა.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, ყველა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში საფრთხეშია.
"ეს კონფერენცია და ეს ინტერესი ჩვენი მეგობრების მხრიდან, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხრიდან, ჩემი აზრით არის იმედი და პერსპექტივა იმის, რომ ჩვენ ყველა ერთად გამოვალთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.
შევხვდი ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანს. ვისაუბრეთ მიმდინარე მოვლენებზე. ვიცით, რომ დღეს "ოცნება" აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, მაგრამ ამას ვეღარ გააკეთებს ხვალ. ამას გვიჩვენებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებით და პირველ რიგში უკრაინის წარმატებული ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ნიკას, თავისთავად ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რომ ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებს დევნიან საქართველოში. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი დღეს იმყოფება ციხეში, ისეთი ბრალდებით, რომლითაც ისტორიაში არავინ არ გაუსამართლებიათ და ისინი აუცილებლად იბრძოლებენ ჩემთან ერთად და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს მალე", - ამბობს სოფო ლილუაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უკვე მეორე დღეა ელოდება იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს, შეუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიასთან, რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.