
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობის პერსპექტივას ხედავენ. ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აფხაზ მოსახლეობას ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს და ერთ-ერთ არგუმენტად შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი და რუსეთ-საქართველოს შორის შეცვლილი ურთიერთობები მოჰყავს.
მისივე თქმით, ამჟამინდელი შეთანხმებით განსაზღვრულია მიწის არენდით გადაცემის ბოლო ვადა 49 წელი, შემდეგ კი უკვე შთამომავლები გადაწყვეტს თუ, როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან.
"ვითარება საერთო კონტექსტში უნდა დავინახოთ, ურთიერთკავშირში, რაც ხდება დღეს მსოფლიოში. ვხედავთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება იცვლება, გვირაბის მშენებლობას აპირებენ, რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებას. აფართოებენ ზემო ლარსზე გამშვებ შესაძლებლობებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუ გსურთ სურათის მთლიანობაში დანახვა, ამიტომ მოდი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ამოვიდეთ, ამჟამინდელი შეთანხმებით განსაზღვრულია მიწის არენდით გადაცემის ბოლო ვადა 49 წელი, შემდეგ უკვე ჩვენი შთამომავლები გადაწყვეტენ, როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან" - ამბობს სერგეი შამბა
შეგახსენებთ, რომ კრემლი აფხაზეთის სანაპირო ზოლის ყველაზე კარგი მონაკვეთის უშუალოდ ფედერაციის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. საუბარია ბიჭვინთაში, 186 ჰექტარ მიწაზე, რომელშიც მთლიანად ექცევა კურორტის უნიკალური პლაჟი და ფიჭვნარი.