
NETFLIX ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით შეთანხმებას დასთანხმდა. ინფორმაციას სხვადასხვა ამერიკული მედია ავრცელებს.
მორიგების დროს მხარეები სასამართლოს გარეშე, დახურულ კარს მიღმა თანხმდებიან, დეტალები ამ ეტაპზე არ გასაჯაროვებულა.
გაფრინდაშვილი ნეტფლიქსისგან 5 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. საქმე ეხება Netflix-ის სერიალ The Queen’s Gambit-ში გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.
გაფრინდაშვილის სარჩელში აღნიშნულია, რომ კომენტარი "აშკარად მცდარი, უხეშად სექსისტური და დამამცირებელია".
სარჩელში ასევე წერია, რომ 1968 წლისთვის, მაშინ, როცა სერიალის მოქმედება ხდება, გაფრინდაშვილს სულ მცირე, 59 კაც მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა თამაში ჩატარებული.