
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პირობა. ოპოზიცია დღეს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერებმა IRI-ს მიაწოდეს ინფორმაცია "ქართული ოცნების" პოზიციაზე, რომელიც არ ითვალისწინებს და არაფერს აკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, დასავლელი პარტნიორების ერთადერთი წუხილია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირ შანსს აკარგვინებს ქვეყანას, კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღოს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს ვადამდელი არჩევნებია.
"არ არსებობს უკეთესი გამოსავალი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ვიდრე არჩევნები, მით უფრო ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც შანსს აჩენს, ქვეყანა გადაარჩინოს ისტორიულ სირცხვილს და ეს ისტორიული სირცხვილი მდგომარეობს ევროპული მისწრაფებებისთვის და პერსპექტივისთვის უარის თქმას ქართული ოცნების მხრიდან" - ამბობს ნიკა მელია.
ოპოზიციის თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ მმართველი პარტია არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს რეკომენდაციების შესასრულებლად და არ ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
"ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს ჩვენს პარტნიორებში ის, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე, ხდება ისეთი რამ, როგორი მოხდა გუშინ, როცა ვეტო დაძლია უმრავლესობამ და კიდევ უფრო გააღრმავა უკანონო მოსმენის და მიყურადების მძიმე პრობლემა" - თქვა "ლელოდ" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს გუშინ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც შეხვდნენ, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა.