88-ხმით ერთხმად, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაუჭირა მხარი რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესით მოხდება.
პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს.
რეგლამენტის პროექტით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი დგინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.
„ეს არის ცვლილება რომელიც დაკავშირებულია 12 პუნქტიანი გეგმის მეთორმეტე საკითხთან და სახალხო დამცველის არჩევას უკავშირდება. მოქმედ სახალხო დამცველს მოქმედების ვადა ეწურება მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ამოცანა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განვახორციელოთ პროცედურების ისე დაგეგმვა, რომ დროულად, ამ თარიღებამდე უზრუნველვყოთ პროცესი სწორედ იმ სტანდარტებისა და იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია თორმეტ პუნქტიანი გეგმის ფარგლებში და ამავდროულად ამ საკითხის მარეგულირებელი და მომწესრიგებელი არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მან წარმოდგენილი ცვლილების არსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგლამენტის პროექტით დგინდება საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს კანდიდატურები წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაც განსაზღვრულია 9 წევრით და რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა.
პროექტის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ კანდიდატები იმ პირთაგან, ვინც მიმართავს საქართველოს პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. განისაზღვრება, რომ წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს არჩევის პროცესში პარლამენტისთვის კანდიდატურების მრავალფეროვნების შექმნას. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების განხორციელებით მოხდება საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა.
[საქართველოს პარლამენტი]