
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება. ამჟამად ფრონტზე ვითარება არ ჯდება არც რუსების მიერ დაგეგმილი ბლიცკრიგის და არც 21-ე საუკუნის სხვა ომების ჩარჩოებში - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენერალ მიხაილო ზაბროდსკის სტატიაში, რომელსაც Ukrinform-ი აქვეყნებს.
ფრონტზე არსებული ვითარების ღრმად გაანალიზების შედეგად, სამხედრო მეთაურებს მიაჩნიათ, რომ ომი 2023 წელს გაგრძელდება და შესაძლებელია მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარი და მიმართულებები.
ზალუჟნისა და ზაბროდსკის თქმით, რუსებს აქვთ „გარკვეული ოპერატიული პერსპექტივები“ იზიუმისა და ბახმუტის მიმართულებით. ასეთი ქმედებების საბოლოო მიზანი კი შეიძლება იყოს დონეცკის რეგიონის სრული ოკუპაცია.
ზალუჟნი და ზაბროდსკი თვლიან, რომ არ არის გამორიცხული, რუსები ბელარუსის ტერიტორიიდან, ისევ კიევის მიმართულებით წასვლის გეგმებს დაუბრუნდნენ.