"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] დოკუმენტი, სადაც ივანიშვილის მემკვიდრეები კორუმპირებულ მთავრობადაა მოხსენიებული, "აბსოლუტურად მიკერძოებული" და "პოლიტიკურად ანგაჟირებულია".
ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული დასკვნა "რაღაც ჯგუფის" განცხადებაა, რომელიც ბინძური მიზნებისთვისაა გამოყენებული.
"მე არ ვიცი ეს რა ჯგუფია და რა სამუშაო ჯგუფია გინდა USAID-ის იყოს გინდა მარსის. ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება. ეს არის აბსოლუტურად ტყუილზე და გარკვეულ პოლიტიკურ ასე ვთქვათ, ბინძურ მიზნებისათვის გამოყენებული რაღაცა ჯგუფის განცხადება, არ ვიცი რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ა ამ განცხადების გამკეთებელს ან საქართველოს კანონები არ წაუკითხია, არც სახელმწიფო ინსტიტუტები არ გაუგია, არც სასამართლო პრაქტიკა არ მოუსმენია" - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი
ცნობისთვის, USAID- ის კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ ვრცელ დასკვნაში საქართველოში არსებული კორუფციის მიზეზად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შეფასებაზე დაყრდნობით, დასახელებულია ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობა.