ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "არსად არ არის შესაშვები" -ამით ის გამოეხმაურა ნიკა გვარამიასთან ევროპელი პოლიტიკოსის არშეშვებას.
კობახიძემ ევროდეპუტატს დღეს მორიგი ბრალდებები წაუყენა:
"ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომლებიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მე მგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან" თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ოფიციალურ წერილზე არ უპასუხა. ევროპარლამენტარი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების უფლებას ითხოვდა.
ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, 6-7 სექტემბერს მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. მან თავდაპირველად პენიტენციურ სამსახურს მიმართა ნიკა გვარამიასთან შესვლის ნებართვაზე, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კი მინისტრ ბრეგაძეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რაზეც ბრეგაძეს პასუხიც არ გაუცია.