რომც ვიცოდე, თემაში ვერ შევალ....შეიძლება რაღაც წერილში არის 100% სიმართლე - კობახიძე "ოთხეულზე" და "ამერიკის აგენტებზე"

გამოქვეყნდა:

"საქმე ეხება იმ ქვეყანას, რომელიც არის სტრატეგიული პარტნიორი, რომც ვიცოდე, რომ არის კონკრეტული აგენტი მე ამ თემაში ვერ შევალ", -  ასე ეხმაურება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოცნებიდან "წასული ოთხეულის" მორიგ წერილს, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საქართველოს თავის "აგენტურა ჰყავს", რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასა"  და სხვა "რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებში" არიან გადანაწილებული.

"მომიწევს იმის გამეორება, რაც არაერთხელ მითქვამს არიან დეპუტატები, ჩვენი კოლეგები, ჩვენი პარტიის ყოფილი წევრები, რომლებმაც აირჩიეს საკუთარი ასე ვთქვა, გზა და ჩვენ  გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებთ საზოგადოების წინაშე, ისინი ამბობდნენ, რომ  უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას. არის რაღაც დელიკატური თმები, რომელზეც საუბარიც არ შეიძლება, მაგალითად იგივე აგენტურაზე როდესაც არის საუბარი, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ჩვენ გვიჭირს ბუნებრივია მმართველ პარტიას ამ თმაზე საკითხის გაშლა" - თქვა კობახიძემ

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ "ამერიკელ ჯაშუშებზე",  "ოთხეულის" განცხადება არც უარყო, არც დაადასტურა და არც გაემიჯნა:

"მე არ მინდა საერთოდ შევიდე კონკრეტიკაში, მითუმეტეს ამ წერილში საქმე ეხება იმ ქვეყანას, რომელიც არის  სტრატეგიული პარტნიორი, თემაში მე საერთოდ ვერ შევალ, რომც ვიცოდე, რომ არის კონკრეტული აგენტი, მე თემაში ვერ შევალ. 

მოდით ასე ვთქვათ, ყოველ შემდეგ  ჯერზე,  როდესაც თქვენ მთხოვთ კომენტარს იმ წერილებთან, განცხადებებთან და საკითხებთან დაკავშირებით,  რომლებსაც გააკეთებენ ჩვენი ყოფილი კოლეგები, ამ მოძრაობის წარმომადგენლები, ჩვენ მოგვიწევს ერთი და იგივე პასუხის გაცემას, ჩვენ ერთ რამეზე ვერ შევთანხმდით, ეს არის ის, თუ რა დოზით ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. აქედან გამომდინარე ჩვენ, რაღაცების  უარყოფითად დადასტურება გაგვიჭირდება მომავალშიც. მხოლოდ შეგიძლიათ გვკითხოთ რაღაც. შეიძლება რაღაც წერილში არის 100% სიმართლე, როგორც კი რაღაცას დავადასტურებთ, მერე რაღაცას არ დავადასტურებთ, შეიძლება ყველაფრის დადასტურება მოგვიწიოს, შეიძლება არაფრის ეს იქნება სერიოზული პრობლემა. 

...ვერც ერთ წერილს ვერ დაგიდასტურებთ, ვერც 100%-იანი ვერც 1%-იანი და ვერც 30%-იანი სიზუსტით, იმიტომ, რომ მომავალში დაისმება იგივე კითხვები, აქედან გამომდინარე წინასწარ შემიძლია გითხრათ, ყოველთვის გაგცემთ ზოგად პასუხს ამ წერილებთან დაკავშირებით " - ამბობს ირაკლი კობახიძე 

შეგახსენებთ, რომ ხუნდაძემ, ყაველაშვილმა, სუბარმა და მაჭარაშვილმა მორიგი წერილი გაავრცელეს, სადაც ამტკიცებენ, რომ აშშ-ს აქ  "თავის აგენტურა" ჰყავს, ხოლო აშშ-ს საელჩო საქართველოში, პოლარიზაციას აღრმავებს და ხელისუფლების შეცვლას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი