
პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, კომპანია "იან ერი", რომელსაც ეკუთვნის ის თვითმფრინავი, რომელმაც ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა, ამერიკის მიერ სანქცირებულია.
პოლიტიკოსი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გაკეთდეს შესაბამისი განმარტება, რადგან, მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე ეხება ირანიდან რუსეთში სამხედრო ტექნიკის საქართველოს საჰაერო სივრცით გადატანას.
"იან ერი", რომელსაც ეკუთვნის თვითმფრინავი, არის სანქცირებული კომპანია ამერიკის მიერ. სანქცირებული სწორედ სამხედრო ტვირთის გადაზიდვით. ამ ვითარებაში, როდესაც ირანი უკრაინის წინააღმდეგ ეხმარება რუსეთს, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოდის თვითმფრინავი, რომლითაც ხდება სამხედრო ტვირთის გადაზიდვა.
ეს თვითმფრინავი იწყებს მოძრაობას აეროდრომიდან, რომელსაც აქვს სამხედრო დანიშნულება და მიდის მოსკოვში. ეს არის უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია უკვე არა ზოგადი პოლიტიკური ხელშეწყობის, არამედ საქართველოს მხრიდან რუსეთის სავარაუდო სამხედრო ხელშეწყობის შესახებ.
თან ჩვენ საქმე გვაქვს სანქცირებულ, ტერორისტულ სახელმწიფო ირანთან, სანქცირებულ ავიაკომპანიასთან, სანქცირებულ საშიშ ტვირთთან ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, შესაბამისი უწყებიდან გაკეთდეს განმარტება, რადგან ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია, ეს არის პირდაპირ აპლიკაციებში მოცემული ტრაექტორია თვითმფრინავის, გაკეთდეს განმარტება, თუ რატომ შემოვიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში ეს თვითმფრინავი, რა ტვირთით იყო ის დატვირთული და რა კავშირი აქვს ამ გადაზიდვებთან", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის ათობით სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში. ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ გზით აწვდის ირანი რუსეთს შეიარაღებას, რომელსაც ის შემდეგ უკრაინაში იყენებს.