
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესის შესახებ რეგლამენტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებებით, მომავალი სახალხო დამცველს დროებითად მოქმედი წესით აირჩევენ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.
კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლის შემადგენლობაშიც 9 წევრი იქნება და დაკომპლექტდება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან – საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.
შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა. შეფასების სამუშაო ჯგუფი მხოლოდ იმ პირს არ შეაფასებს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ან უკვე იყო სახალხო დამცველის თანამდებობაზე.
შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველებს შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაცია, სათანადო პროფესიული ცოდნა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება.
პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.