"ამერიკის აგენტები" - ახალი შეთქმულების თეორია - ISFED პროსახელისუფლებო "ექსპერტებისა" და მედიების ანტიდასავლურ კამპანიაზე

გამოქვეყნდა:

"ამერიკის აგენტები" - ახალი შეთქმულების თეორია - ამ სათაურით, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ხელისუფლებისა და მისი "ექსპერტ-ანალიტიკოსების", ასევე "საოცნებო" მედიების მხრიდან,  ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით, კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაცია წერს, რომ მიზანმიმართულად დაიწყო პარტნიორი ქვეყნების "აგენტურის" შესახებ ინფორმაციების გავრცელება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. 

ორგანიზაცია ამ მოქმედებებსა და 2012 წელს, რუსეთში  უცხოელი აგენტების შესახებ მიღებული კანონმდებლობის სულისკვეთებას შორის პარალელს ავლებს. 

"მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედმა პირებმა, რომლებიც საზოგადოებას ექსპერტ-ანალიტიკოსებად წარმოუდგებიან, 29 აგვისტოს ორგანიზებულად გაავრცელეს პოსტები ე.წ „პარტნიორი სახელმწიფოების/აშშ-ის აგენტურის“ შესახებ. გავრცელებული ირიბი და ზოგადი გზავნილები, ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, იმ აქტორებს ეხება, რომლებიც იცავენ საქართველოს პროდასავლურ კურსს ან/და ფინანსდებიან დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

გავრცელებული გზავნილები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მიზნად ისახავს, მთავრობის კრიტიკოსი პროდასავლური აქტორები წარმოაჩინოს უცხო სახელმწიფოს აგენტებად, საქართველოს მტრებად და მოღალატეებად.

სახელისუფლებო ექსპერტების ინიციატივა და საინფორმაციო კამპანია იმეორებს 2012 წელს რუსეთის ფედერაციაში უცხოელი აგენტების შესახებ მიღებული კანონმდებლობის სულისკვეთებას. მსგავსი შინაარსით მიღებულმა კანონთა წყებამ, რომლებიც ე.წ „უცხოელ აგენტებს“ ეხებათ, ფაქტობრივად, შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოება, ჩაახშო კრიტიკული მედია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

სახელისუფლებო ექსპერტ-ანალიტიკოსების პერსონალური სტატუსები იმავე დღეს პრო-სახელისუფლებო მედიისა და ონლაინ-სააგენტოების წყაროდ იქცა და მასშტაბურად გავრცელდა სოციალური მედიის პლატფორმებზე.

კოორდინირებული კამპანიის დაწყების მომდევნო დღეს კი პრო-სახელისუფლებო სააგენტო ONGO-მ გამოაქვეყნა ე.წ. „ანალიტიკური სტატია“, რომელიც თითქოს ააშკარავებს „ამერიკული აგენტურის ქსელს“ და, სხვებთან ერთად, აშშ-ის აგენტებად აცხადებს ამჟამად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საჯარო პირებს, მათ შორის, ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სახალხო დამცველს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და სხვა.

სახელისუფლებო ექსპერტებისა და მედიასაშუალებების მიერ წამოწყებული ეს კამპანია მკაფიოდ ანტიდასავლური დღის წესრიგის ნაწილია და სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის, წინააღმდეგ არის მიმართული. ბრალდებები აშშ-ს მიერ საქართველოში ჯაშუშებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აგენტურული ქსელის შექმნის შესახებ ზიანის საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის." ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" კვლევაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი