კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე და ოკუპანტები გაქცევას დაიწყებენ - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ომის დასრულების თარიღის პროგნოზირებისგან თავს იკავებს, თუმცა ამავე დროს ის დარწმუნებულია, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები დაიწყებენ გაქცევას.

"დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და ოკუპანტები გაქცევას დაიწყებენ. დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ ლოჯისტიკურ ჯაჭვებს, საწყობებს და ა.შ. ეს იქნება როგორც თოვლის გუნდის ეფექტი, როდესაც დაგორებისას სულ უფრო იზრდება და ზვავად იქცევა." - ამბობს ოლექსი რეზნიკოვი.

მისივე თქმით, უკრაინელებმა უკვე ნახეს როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანიც დატოვეს.  ამის ინფორმაცია როგორც უკრაინულ, ისე  რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.  ამავე წყაროებზე დაყრდნობით უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს ქალაქი იზიუმიც

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და არც სხვა უწყებებს ლიმანისა და იზიუმის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ. 

ცნობისთვის, უკრაინელებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 30- ზე მეტი ოკუპირებული, სტრატეგიული  დასახლება დაიბრუნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი