
"ჩვენ უკვე იზიუმში ვართ" - 6 თვიანი ოკუპაციის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა ერთ-ერთ სტრატეგიული ქალაქი იზიუმი დაიბრუნეს. ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები და ტელეგრამ არხებთან ერთად, რუსული წყაროებიც ავრცელებენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანიც დატოვეს. ფრონტის ხაზიდან ბოლო ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკშიც შევიდნენ და დონეცკის აეროპორტს აკონტროლებენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები არ გავრცელებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, იზიუმისა და ლიმანის გათავისუფლების შესახებ ჯერ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი პირობას დებს რომ ფრონტზე კიდევ რამდენიმე წარმატების შემთხვევაში, ოკუპანტები გაქცევას დაიწყებენ. უკრაინამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 30- ზე მეტი ოკუპირებული და სტრატეგიული დასახლება დაიბრუნა.
უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ უკრაინული ჯარები აკონტროლებენ ხარკოვის რეგიონის სიდიდით მესამე ქალაქ კუპიანსკს. კუპიანსკი იზიუმის რაიონში საკვანძო ქალაქია, რადგან ოკუპანტები ჯარს სწორედ ამ გზის გავლით ამარაგებენ.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი