
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს განაცხადა, რომ TBC ბანკმა სანქციები დაადო და ანგარიშები დაუხურა.
„TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა! დაიწყო საბანკო ტერორი!!!“ - დაწერა ლორთქიფანიძემ "ფეისბუქ" გვერდზე.
ამავე ფეისბუქ პოსტის კომენტარებში მან ასევე გამოაქვეყნა ანგარიშების დახურვის შესახებ TBC ბანკის განმარტება. ბანკი წერს, რომ ანგარიშების დახურვის გადაწყვეტილება, ბანკის შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით მიიღეს და რომ კანონმდებლობით აქვთ უფლება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი თქვან ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურებაზე.
მოგვიანებით, TBC-მ "ფორმულასთან" განაცხადა, რომ დახურა დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაციის ანგარიში, რომლის დამფუძნებელი ორგანიზაციაც სანქცირებულთა სიაშია და ფიზიკური პირის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ანგარიში არ დაუხურავთ. TBC-ის განმარტებით, ის ფაქტი, რომ იურიდიული ორგანიზაციის დამფუძნებელი ორგანიზაცია სანქცირებულთა სიაშია, ანგარიშის დასახურად საკმარისი საფუძველია. TBC მომხმარებლის კონფიდენციალურობის მიზნით, არ ასახელებს იმ ორგანიზაციის სახელს, რომლის ანგარიშიც სანქცირებულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო დახურა.
სავარაუდოდ, საუბარია პრიმაკოვის ფონდზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული გორჩაკოვის ფონდის მიერაა შექმნილი.
პრიმაკოვის ფონდი 2013 წელს შეიქმნა და რუსული ენის კურსებსა და სხვა ღონისძიებებს აფინანსებს. დიმიტრი ლორთქიფანიძე 2018 წლის მარტიდანაა მისი დირექტორი.
ალექსნდრ გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდი კი ევროკავშირმა 2022 წლის 21 ივლისს შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, რადგან ის ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, ვინც უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერს.
ევროკავშირის ცნობით, გორჩაკოვის ორგანიზაცია 2010 წელს, დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის დამაარსებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, ხოლო მინისტრი ლავროვი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელია.
ევროკავშირის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გორჩაკოვის ფონდს აფინანსებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.