შესაძლოა, რუსეთი, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, პროვოკაციას გეგმავდეს, - ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა, "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. გენერალი
ყურადღებას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ამ ზაფხულს არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, რაიმე პროვოკაციას გეგმავდეს.
რამდენიმე ფაქტორი მაშფოთებს, თუ რას უნდა გეგმავდეს რუსეთი ამ ზაფხულს. ერთი ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც რუსეთმა მიიღო არალეგიტიმური პლებისციტით, სადაც სახიფათო ის არის, რომ პუტინი პრეტენზიას აცხადებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ამავდროულად, ვხედავ, მოსკოვი რას აკეთებს ყირიმში და მესამე, რუსეთი სექტემბერში ემზადება კავკასია 2020-სთვის. ჩვენ ჯერ არ ვიცით დეტალები, კონკრეტულად რა ტიპის მანევრები იქნება, რუსეთი არასდროს გამოირჩევა გამჭვირვალობით, მაგრამ უკვე არსებობს გარკვეული პირობები იმისთვის, რომ რამე იგეგმებოდეს ან უკრაინაში, ან საქართველოში. დარწმუნებით ვერ გეტყვით, რისთვის ემზადება რუსეთი, მაგრამ ამ ვითარებაში, საქართველოს, უკრაინასა და ამერიკის დაზვერვამ უნდა ითანამშრომლოს, გაცვალოს ინფორმაცია, რომ დადგინდეს რა ტიპის მზადება მიმდინარეობს. თუ იქნება დიდი ლოჯისტიკური მშენებლობა, საავადმყოფოები ან კიდევ სხვა ინდიკატორები, შეიძლება რაიმე განზრახვაზე ვიფიქროთ. მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ძველი გამოცდილებით უკვე საკმარისი ნიშნებია იმისთვის, რომ საქართველომ და უკრაინამ მზადყოფნა გააძლიერონ, - ამბობს ბენ ჰოჯესი.
მაშინ, როდესაც რუსეთი, შესაძლოა, რაიმე ტიპის პროვოკაციას გეგმავდეს, ამ დროს სახიფათოა ურთიერთობის ის ფაზა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს ახლა აქვთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კონგრესის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ასიგნებების 15% გაიყინოს, საქართველოში დემოკრატიის ხარისხს პირდაპირ უკავშირდება.
სპეციალისტები და საგარეო უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ეს არის პირდაპირი განცხადება და სიგნალი ვაშინგტონიდან, რომ თუკი საქართველო არ ჩაატარებს ნორმალურ არჩევნებს 2020 წელს და არ ეცდება ვითარების გამოსწორებას, ეს არის ყვითელი ბარათი და წითელ ბარათამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.