
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დედოფალ ელისაბედ II-თან შეხვედრას იხსენებს და წერს, რომ პირველი შეხვედრის დროს, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, დედოფალი განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას იჩენდა და საქართველოს შესახებ ყველაფრის გაგება სურდა.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 2012 წელს მას კიდევ ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბუკინგემის სასახლეში დედოფალი ენახა და პირადად ესაუბრა მასთან.
"მინდა ელიზაბედ II-სთან დაკავშირებით შემდეგი ისტორიები გავიხსენო. ჩვენმა პირველმა შეხვედრამ ერთ საათზე მეტი გასტანა. ის ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ყველაფერი აინტერესებდა საქართველოზე. სანდრას კომპლიმენტი უთხრა ჩაცმულობაზე.
2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე ჩავედი, ბუკინგემის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელსაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო. მე კიბეზე გამოვედი დასარეკად და სახით კედელთან ვიდექი. უცებ ვიღაცამ ტელეფონი ხელიდან გამომტაცა, მოვტრიალდი და ხელში შემრჩა დედოფალი - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რა, არ იცით, რომ ამ სასახლეში მსგავსი მოწყობილობების გამოყენება არ შეიძლება?! - ღიმილით მითხრა მან. შემდეგ გამომკითხა თუ რა ხდებოდა საქართველოში. საოცარი მომხიბვლელობა ჰქონდა",- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ელისაბედ II 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს, ბალმორალის სასახლეში გარდაიცვალა. ის მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა. გაერთიანებული სამეფოს მეფედ გუშინ ოფიციალურად გამოცხადდა ჩარლზ III.