
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.
"ხარკოვის მიმართულებით დავიწყეთ მოძრაობა არა მარტო სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ, არამედ ჩრდილოეთისაკენ. სახელმწიფო საზღვარამდე 50 კმ დარჩა“, - წერს მთავარსარდალი.
მან გამოაქვეყნა ფოტოები,რომელზეც ასახულია რუსეთის ჯარებისგან გათავისუფლებული ხარკოვის რაიონის სოფლები: ბაირაკი, ნოვაია გუსაროვკა, შჩუროვკა და ოლხოვატკა.
„იმ ტერიტორიების აღებამ, სადაც რუსული ჯარები არიან გამაგრებული და რომლებსაც ისინი ამაყად უწოდებდნენ „მოსკოვს“, „ომსკს“ და „პიტერს“, შესაძლებელი გახდა კონტრშეტევის განხორციელება ბალაკლეიაზე, იზიუმსა და კუპიანსკზე“, - წერს ზალუჟნი.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შაბათის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 2 000 კვადრატული კილომეტრი.