ელენე ხოშტარია იმ სისტემურ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმემ კიდევ ერთხელ გამოკვეთა. დეპუტატი, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი იყო და საქმის დეტალები კარგად იცის, დღეს ამბობს, რომ პარალელები და მსგავსებები ამ ორ საქმეს შორის არაერთია. უკვე შეიძლება ითქვას, რომ გამოძიებასთან კითხვებია საქმის კვალიფიკაციაზე, შეცვლილ ჩვენებებსა და მიჩქმალულ ვიდეოებზე.
ოპოზიციის მთავარი კითხვა ის არის, ვინ მფარველობს და ვინ არის დაინტერესებული, რომ შაქარაშვილის საქმის გამოძიება თავიდანვე არასწორად წარიმართოს და საზოგადოებამ სიმართლე ვერ გაიგოს. ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის გუნდს ახსენებენ, რომ ისევე როგორც სხვა გახმაურებული საქმეების შემთხვევაშიც, "ოცნებას" ტყუილი აღარ შერჩება, არც ე.წ. არაფორმალური გავლენები უშველის და არც კრიმინალურ სამყაროსთან ღიად თანამშრომლობა.
ოპოზიციისთვის ყველაზე სახიფათო "ოცნების" ის სინდრომია, რომ ის თავისიანებს არ სჯის და პირიქით, ხელს აფარებს. ხორავას ქუჩის სისხლიან საქმესთან ერთად, ამის ღია დადასტურებაა მარნეულის მერის, თემურ აბაზოვისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის საქმეები.
ხელისუფლებამ ოპონენტების საპასუხოდ დღეს, ისევ თავდასხმის ტაქტიკა აირჩია. ირკვევა, რომ ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან და ბურუსით მოცულ დანაშაულზე თვითონ კითხვები არ აქვთ. სხვა საქმეებთან პარალელები კი ივანიშვილის გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ეს მათ შეფასებით მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.
თავის მართლების ნაცვლად, ყოფილ თანაგუნდელებს უმრავლესობიდან დემარშით წასულებმა მოსთხოვეს, აღიარონ სისტემური პრობლემები ქვეყანაში. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდმა, წლების განმავლობაში, კრიმინალებთან გარიგება არჩია და რეფორმებზე უარი თქვა. ყოფილი თანაგუნდელები დღეს პირდაპირ ამბობდნენ, რომ თუ გახმაურებულ საქმეებზე კითხვის ნიშნები ჩნდება და სათანადოდ არ იძიებენ, ეს ბიძინა ივანიშვილის ინეტერესებშიც შედის.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თუ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ასე წარიმართა, აუცილებელი გახდება, რამდენიმე თვეში საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ოპოზიცია აანონსებს, რომ სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე კომისიას, მეათე მოწვევის პარლამენტი შექმნის.