
კრემლი აგროვებს ძალებს შორეული აღმოსავლეთიდან და კამჩატკადან ზამთრისთვის - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შეტყობინებაში.
"რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა კამპანია უკრაინაში საოკუპაციო კონტიგენტისთვის ზამთრის ფორმების შესაძენად თანხების მოსაზიდად. ოფიციალურმა კრემლმა აღიარა, რომ მას არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი ამ საჭიროებისთვის", - აცხადებს დაზვერვა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტების არმიის ჩანაცვლება ხდება რუსეთის შორეული აღმოსავლეთისა და კამჩატკას მცხოვრებლებით იმ მოტივით, რომ "ისინი უკეთესად ეგუებიან ცხოვრებას დაბალ ტემპერატურაზე და არ არიან მიჩვეულები კომფორტს", შესაბამისად ადვილად ეჩვევიან მძიმე პირობებს.
დაზვერვის განცხადებითვე, კრემლმა მოახერხა ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მოსყიდვა მაღალი ანაზღაურების დაპირებებით - "თავად "წვევამდელები" ამბობენ: "ამდენს ვერ ვიშოვით მთელი ცხოვრება" - აღნიშნავს უკრაინული დაზვერვა.
როგორც ცნობილია, რუსეთი ომში ძირითადად შორეული რეგიონების წარმომადგენლებს აგზავნის. მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მცხოვრებლები, რაც მთლიანობაში ქვეყნის მოსახლეობის 12%-ზე მეტია, პრაქტიკულად არ შედიან დაღუპული რუსების ჩამონათვალში.