ხუთ წელზე მეტია, ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა წყალს მდინარიდან ეზიდება. ოჩხამურის, წყავრულას, ცეცხლაურის და ჯიხანჯურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მდინარის წყლით რეცხავენ ჭურჭელსა და სარეცხს. ონკანში წყალი იშვიათად მოდის და ისიც სასმელად გამოუსადეგარია. ნაწილმა ეზოში, ჭის გაჭრა შეძლო, ნაწილი კი სასმელ წყალს, რამდენიმე კილომეტრიდან, წყაროებიდან ეზიდება.
ქობულეთის ოთხი სოფლისათვის წყლის მიწოდებისთვის პირველი ტენდერი წინა ხელისუფლების დროს გამოცხადდა. პირველი ეტაპი განხორციელდა, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ შვიდჯერ გამოცხადებული ტენდერისა და დახარჯული ოთხ მილიონ ლარზე მეტის მიუხედავად, სათავე ნაგებობის მოწესრიგება და ადგილობრივებისთვის სასმელი წყლის მიწოდება მეექვსე წელია ვერ შეძლო.
დღეს, დაბა ოჩხამურის მოსახლეობამ ქობულეთის მერიასთან აქცია გამართა. ხმაური შენობაში საათზე მეტხანს გაგრძელდა. ისინი მერისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვენ, როდის შეძლებენ ნახონ ექვსი წლის წინ დაპირებული წყალი ონკანში და თან მისი დალევაც შეძლონ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოპოზიცია და პრობლემით შეწუხებული ადგილობრივები პერფორმანსის დადგმაში დაადანაშაულა. ქალაქის მერის პირველი მოადგილე ლევან ზოიძე ამტკიცებს, რომ ქობულეთის ოთხივე სოფელში წყალი მოდის და ის სასმელადაც ვარგისია.
როგორც ირკვევა, სოფელების წყლის უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ ახალი, მერვე ტენდერი უნდა გამოაცხადოს. ტენდერისთვის თანხის გამოყოფამდე ,ადგილობრივი ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, სად წავიდა უკვე გამოყოფილი ოთხი მილიონი ლარი, რატომ არ მოდის სასმელი წყალი ონკანებში და როდემდე უნდა გაიარონ ადგილობრივებმა კილომეტრობით გზა სასმელი წყლის მოსაპოვებლად.