
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგება. მისი თქმით, ეს საბოლოოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით და ამომრჩევლეთა 70%-ის ხმები კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი.
"ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ. გასულ წელს სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა თბილისის კრწანისის რაიონში, წელს ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ", - თქვა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა ხმის მიცემა და რეგისტრაცია ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ინიციატივას უახლოეს მომავალში კანონპროექტის სახე მიეცემა.