
მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ ხუთ პირს გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით გირაო შეეფარდა.
"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში, 2022 წლის 28 ივლისს მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ გამოძიების პროცესში, ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მათ მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე.
პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული დ.ჯ. და ხულიგნობაში ბრალდებული ორი პირი. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა აღნიშნული პირების მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე, რაც მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა" - წერს პროკურატურა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე მცხეთის სასამართლომ დღეს 5 ბრალდებული გირაოთი გათავისუფლა, 3 კი პატიმრობაში დატოვა.